რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთისა და ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობაში ჩასართავად ჩინეთიდან შესრულებული რეისებით ჩამოსული 270-მდე პერსონალი 14 დღიან კარანტინს მოქმედი რეგულაციების დაცვით გადის. მათი გადაყვანა სპეციალურად მომზადებულ საკარანტინე ზონებში კონტრაქტორმა კომპანიამ უზრუნველყო.
ჩამოსული პერსონალის 270-ე წევრს საკარანტინე ზონაში ჩაუტარდა ტესტი და პირველადი მონაცემებით კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. 14 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, საკარანტინე სივრცის დატოვებამდე, პერსონალი განმეორებით გაივლის ტესტირებას და ექიმის დასკვნის საფუძველზე ჩაერთვება მიმდინარე სამუშაოებში.
“მიუხედავად იმისა, რომ გლობალური პანდემიის პირობებში საქართველოში სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები არ შეჩერებულა, ზოგიერთი მათგანის ტემპი სპეციალური კვალიფიკაციის მქონე მუშახელის არასაკმარისი რაოდენობის გამო მნიშვნელოვნად შეფერხდა. სამუშაოს უფრო ეფექტურად წარმართვისთვის და მეტი პროგრესის მისაღწევად საჭირო გახდა დამატებითი კვალიფიცირებული პერსონალის ჩინეთიდან ჩამოყვანა,”-აცხადებენ სამინისტროში.