ზესტაფონში კიბოს უფასო სკრინინგ პროგრამა ხორციელდება. კვლევებს ეროვნული სკრინინგ ცენტრისა
და “ჯეო ჰოსპიტალსის” ზესტაფონის ამბულატორიული ცენტრის მედპერსონალი ატარებენ.
კვლევით დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ ზესტაფონის ამბულატორიულ ცენტრში საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს უფასო სკრინინგული გამოკვლევები ჩაიტარონ.
,,ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის უმნიშვნელოვანესია მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე აპარატურა, რომელსაც შეუძლია სულ მცირე, მინიმალური დაზიანების აღმოჩენა. სკრინინგის პროგრამის მთავარი ბენეფიტია, რადიოლოგიური გამოსახულების ორმაგი, ბრმა კითხვა,როცა პასუხს განიხილავს ორი რადიოლოგი, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და საჭიროების შემთხვევაში რადიოლოგთა ჯგუფი.”- განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ
ძუძუს უფასო კვლევა, ითვალისწინებს მამოგრაფიას და მამოლოგის გასინჯვას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ექოსკოპიურ კვლევას და ბიოფსიას და ციტოლოგიურ კვლევას.
,,ძუძუს კიბო საქართველოში რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს, სამწუხაროდ მეორე ადგილზეა საშვილოსნოს ყელის კიბო, ამიტომ ადრეული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, ადრეულ ეტაპზე დაწყებული მკურნალობა სრული განკურნების საშუალებას იძლევა”– განაცხადა ზესტაფონის ამბულატორიული ცენტრის ხელმძღვანელმა ლია ებანოიძემ.
სახელმწიფო პროგრამით უფასო სკრინინგის მომსახურება თითოეული კომპონენტით შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფებით განისაზღვრება: ძუძუს უფასო სკრინინგი 40–დან 70 წლის ჩათვლით ასაკის პაციენტებს უტარდებათ;
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი განკუთვნილია 25–დან 60 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის;
მსხვილი ნაწლავის სკრინინგი 50–დან 70 წლამდე ასაკის(ქალებსა და კაცებს) ბენეფიციარებს ჩაუტარდებათ.
კვლევები ზესტაფონში ხვალ, 15 ივლისს, დასრულდება.