ქუთაისის ინფექციურში გუშინ მოთავსებული ტრაილერის მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, თემურ ნადირაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ტრაილერის მძღოლი საქართველოში 10 დღის წინ შემოვიდა. მას კვლევა რამდენჯერმე ჩაუტარდა, თუმცა, ვირუსი მხოლოდ ბოლო შემოწმებაზე გამოვლინდა. ექიმის ინფორმაციით, პაციენტი ქუთაისში ცხოვრობს და მას სავარაუდო კონტაქტები ჰყავს, რაზეც ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
“შუა ხნის კაცი უცხოეთიდან 10 დღის წინ შემოვიდა. მძღოლების პროგრამის ფარგლებში, მას ყოველ 3 დღეში უტარდებოდა ანალიზები და ბოლო შემოწმებაზე ქუთაისის ცხელების ცენტრში დაუდასტურდა კოვიდინფექცია და გადმოიყვანეს ჩვენს კლინიკაში. მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, რადგან ფილტვებში პნევმონიის პროცესი დაწყებულია. 10 დღის განმავლობაში იყო სახლში, თუმცა, არ იყო თვითიზოლაციაში. ამ პერიოდში მძღოლები დადიან მანქანებს აკეთებენ, ტვირთი გადააქვთ და ემზადებიან მომავალი მოგზაურობისათვის. რა თქმა უნდა, კონტაქტები არის და ამაზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ,”-განაცხადა თემურ ნადირაძემ.
კლინიკაში მკურნალობას 4 პაციენტი აგრძელებს.
ქუთაისის ინფექციურში ჯამში 48 პაციენტი გამოჯანმრთელდა.