,,სეზონისათვის დამახასიათებელი მატება გვაქვს. თებერვალში გრიპის ვირუსის გამწვავების მეორე
ტალღას ველოდებოდით.” – ამის შესახებ რადიო ,,ძველ ქალაქთან” საუბრისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განაცხადა.
მისვე თქმით, ამას უკავშირდება კლინიკებში პაციენტების ნახვის წესების გამკაცრებაც.
,,გარკვეული ზრდა არის როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ ნაწილში, თუმცა ამბულატორიულ ნაწილში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შარშან ამ პერიოდში. რაც შეეხება სტაციონარს, მძიმე, მწვავე რესპირატორული ინფექციით სტაციონარიზაცია შედარებით უფრო მომატებულია. თითქმის გატოლებულია შარშანდელ მონაცემებს. ამასთან დაკავშირებით, კლინიკებმა გაამკაცრეს ინფექციის კონტროლის კუთხით ღონისძიებები და ამას მივესალმებით. კარანტინი არსად განხორციელებულა. უფრო რეგულაციები გამკაცრდა, რომ არ მოხდეს ისედაც სუსტი იმუნიტეტის მქონე პაციენტებთან დამატებითი ვირუსების გარედან შეტანა. ის, რომ სველი წესით უნდა ლაგდებოდეს და დეზინფექცია კეთდებოდეს, ეს რეკომენდაციები სეზონის დასაწყისში გამოქვეყნებული ჰქონდა დაავადებათა კონტროლის ცენტრს და აწვდიდა ყველა სტაციონარს.”- განაცხადა გოჩა გიორგიძემ.
გრიპის სიმპტომებით ავადობის შემცირებას დაავადებათა კონტროლის ცენტრში თებერვლის ბოლოდან ვარაუდობენ.