აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტმა სტუდენტთა ტრადიციული
მეშვიდე კონფერენცია ,,XXI საუკუნის მედიცინის მიღწევები” გამართა. მასში მედიცინის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ქართველი და უცხოელი სტუდენტები მონაწილეობდნენ.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუდენტებთან ერთად კონფერენციაზე მოხსენებები პარტნიორი უნივერსიტეტების:თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამედიცინო უნივერსიტეტ ,,აიეტის” სტუდენტებმა წარმოადგინეს. XXI საუკუნის მედიცინის მიღწევებზე სხვადასხვა მიმართულებით ჯამში 32 მოხსენება წაიკითხეს.
გარდა ამისა, გაიმართა ორი სამუშაო შეხვედრა თემებზე: ,,პირველადი სამედიცინო დახმარება” და ,,კლინიკური უნარები – ახალშობილთა და ბავშვთა პირველადი რეანიმაცია”.
,,მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ პროგრამის განხორციელებით შემოვიფარგლოთ. უნივერსიტეტმა ხელი უნდა შეუწყოს სამედიცინო განათლების პროგრამების სტუდენტების ჩართვას სხვადასხვა კვლევით პროექტებში. განსაკუთრებით, აკადემიური პერსონალის მიერ წარმოებული კვლევების განხორციელებაში, რომელთაც სხვადასხვა მიმართულებებით აქვთ აქტივობები და ახერხებდნენ სტუდენტთა ინტეგრაციას მათ კვლევებში. ამის მაგალითები გვაქვს. როდესაც ერთობლივი კვლევები კონფერენციაზე წარვადგინეთ, ან გამოქვეყნდა უცხოენოვან გამოცემებში. იმედი გვაქვს რომ კიდევ არაერთი კვლევა მომზადდება.”- განაცხადა მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ირინე ფხაკაძემ.
საუკეთესო ნაშრომის ავტორებს ბათუმში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ბათუმის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნვერსიტეტის, ერთობლივ კონფერენციაზე გააგზავნიან.