ქუთაისის ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის
ეროვნულ ცენტრში ევექსის ქსელის მხარდაჭერით გაიმართა შეხვედრა ექიმებთან და ექთნებთან ტკივილის მართვის პრაქტიკის დანერგვასთან დაკავშირებით. შეხვედრაში 50-ზე მეტმა ექიმმა მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა საინფორმაციო ხასიათისაა და მისი მიზანია ექიმების კვალიფიკაციის გაზრდა ტკივილისა და პალიატიური სიმპტომების მართვის საკითხებში.
“პაციენტის ტკივილისადმი არსებული მიდგომა პაციენტს ტკივილის მოთმენას აიძულებს. ამ დროს ქვეითდება ცხოვრების ხარისხი, პაციენტი ყოველდღიურ, რუტინულ საქმიანობას ვეღარ აგრძელებს და მთლიანად წყდება ოჯახის წევრებს და ცხოვრების ძვირფას მომენტებს. გაუსაძლისი ტკივილი იწვევს დეპრესიას და ხშირად, თვითმკვლელობამდეც მიჰყავს ადამიანი. აქ თანაბარი პასუხისმგებლობა გვეკისრება ყველას- ექსპერტებს, ექიმებს, კანონმდებლობის შემქმნელებს და საზოგადოებას. ხშირად ექიმები არიდებენ თავს მძიმე ტკივილგამაყუჩებლების დანიშვნას, ისეთი როგორიც არის მორფინი. პაციენტებმა და მათი ოჯახის წევრებმაც არ იციან, რისი მოთხოვნა შეუძლიათ, რისი უფლება აქვთ, მათზე მოქმედებს გავრცელებული სტერეოტიპი მორფინზე და მსგავს საშუალებებზე დამოკიდებულების გაჩენის შესახებ. სინამდვილეში კი დამოკიდებულება არ ვითარდება ტკივილის სწორად მართვის დროს. სწორედ ამიტომ ვიწყებთ აქტიურ მუშაობას ექიმებთან, რომ მათ პროცესის სწორად მართვა შეძლონ”- აღნიშნავს ნინო მირზიკაშვილი, პროექტის ხელმძღვანელი.
შეხვედრას ტკივილის პოლიტიკის საერთაშორისო ექსპერტი ფატი ძოწენიძე, ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი ხელმძღვანელი ნინო მირზიკაშვილი და ღია საზოგადოების ფონდის ჯანდაცვის პროგრამის წარმომადგენელი ნინო კიკნაძე უძღვებოდნენ. მსგავსი შეხვედრები უკვე ჩატარდა შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან.
შეხვედრა ტარდება პროექტის “დაინახე ჩემი ტანჯვა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი.