ქუთაისი საკრებულოს თავმჯდომარის, ნიკოლოზ ლატარიას ინიციატივით
და ფინანსური მხარდაჭერით ლეიკემიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს კინო “საქართველოს” დარბაზში იმ ბავშვებს უმასპინძლა, რომლებმაც დაავადება დაამარცხეს. მულტიპლიკაციური ფილმის ნახვის შემდეგ პატარები გასართობ ცენტრში ზღაპრის გმირებთან ერთად გაერთნენ.
“15 თებერვლის ღონისძიება ჩემთვის უკვე ტრადიციად იქცა. ყოველწლიურად ვმასპინძლობ ამ გასაოცარ ბავშვებს და მათთან ერთად, ერთ მშვენიერ საღამოს ვატარებ. ესენი არიან გამარჯვებული ბავშვები, რომლებმაც შეძლეს და დაამარცხეს მძიმე სენი. მე ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე ყოველთვის ვიქნები ამ ადამიანების გვერდით, რომ თავი დაცულად იგრძნონ.”- აღნიშნა ნიკოლოზ ლატარიამ.
ღონისძიების ბოლოს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ლატარიამ პატარებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.