საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელების მასშტაბები მცირდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში გრიპის გავრცელების პიკი გასული წლის ბოლო კვირაში დაფიქსირდა, როცა 100 ათას მოსახლეზე 276 შემთხვევა გამოვლინდა. მიმდინარე წლის იანვრის პირველი ოთხი კვირის მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი იკლებს.
“დინამიკა გვაქვს პოზიტიური. აშკარად გვაქვს შემცირება როგორც სტაციონალური, ისე ამბულატორიული პაციენტებში. მწვავე მდგომარეობებმაც იკლო. ასევე პარალელურად შემოვიტანეთ ორსულებისათვის დამატებით ვაქცინები და გადაცემულია ქუთაისის ამცრელ კაბინეტებზე. ასევე შეხვედრა გვქონდა გინეკოლოგებთან. ყველა ორსულმა, რომელმაც ოქტომბრის დასაწყისში ვერ ჩაიტარა აცრა უნდა მოვიდნენ და ჩაიტარონ აცრები. ეს საჭიროა იმისათვის, რომ სავარაუდოდ გრიპის ვირუსის მეორე ტალღას ველოდებით თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში და ამ მეორე ტალღას შევხვდეთ მომზადებული”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელმა გოჩა გიორგიძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში H1N1 ვირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა.