დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმერეთის
სამმართველოს ხელმძღვანელის გოჩა გიორგიძის თქმთ, ბოლო პერიოდში წითელას შემთხვევებმა იკლეო, თუმცა აცრების ჩატარება კვლავ მნიშვნელოვან რეკომენდაციად რჩება. არაგეგმიური აცრა იმერეთის მასშტაბით 5 ათასამდე ადამიანმა ჩაიტარა.
“არაგეგმიური აცრა დამატებით იმერეთში 5 ათასამდე ადამიანს ჩაუტარდა. კიდევ ტარდება ღონისძიებები ამ მიმართულებით. წითელას კუთხითაც გვაქვს შემთხვევების კლება, თუმცა სიმშვიდის უფლება სეს არ გვაძლევს, სანამ 21 დღიანი წყვეტა არ გვექნება დაავადების დაფიქსირების.
დაავადების შესაკავებლად ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. იმედი გვაქვს კამპანია უფრო აქტიურად გაგრძელდება და წითელას საბოლოოდ დავამარცხებთ. “- განაცხადა გოჩა გიორიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წითელას ვირუსით 2019 წლის განვლილ პერიოდში უკვე დაავადდა 300-ზე მეტი ადამიანი, მ.შ. 53%-ზე მეტი 20-40 წლის ასაკშია. დაავადებულთა 58%-ზე მეტს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. ქვეყანაში ჩატარებულმა უახლოესმა კვლევამ აჩვენა, რომ 20-26 წლის ასაკის მოქალაქეთა 10%-ზე მეტს და 41 წლამდე მოქალაქეთა 8%-ს არ აქვს იმუნიტეტი წითელას მიმართ, რაც ნიშნავს, რომ მას არ ჩატარებია წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია სიცოცხლის მანძილზე.