საქართველოში ევროპის იმუნიზაციის კვირეული დაიწყო.
კამპანიის მთავარი მიზანი მოსახლეობისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებაა. იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, მოქალაქეების მისამართით სამი გზავნილი ვრცელდება. მათ შორის წითელასა და წითურას, პაპილომა ვირუსების წინააღმდეგ ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ.
“ჩვენი მთავრი გზავნილია დროული იმუნიზაცია, რადგან დროული ვაქცინაცია გადაარჩენს მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს,”-განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ექიმმა დალი ქობულაძემ.
იმერეთის რეგიონში იმუნიზაციის კვირეული კონფერენციით გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობა ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა და იმერეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრების წარმომადგენლებმა მიიღეს.
“კამპანიას იმერეთის გუბერნია შეუერთდა. 12-ვე მუნიციპალიტეტში ტარდება მასიური ვაქცინაციის კამპანია. ასევე, იქნება შეხვედრები მოსახლეობასთან და დარიგდება ნაბეჭდი მასალები. დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნული სახის აქტივობებით შევძლებთ მსგავსი ინფექციების რაოდენობის შემცირებას როგორც იმერეთში, ასევე მთელ ქვეყანაში,”-განაცხადა იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილმა.
აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, წერეთლისა და ქუთაისის უნივერსიტეტების სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის მასიური ვაქცინაცია მოეწყობა.
იმუნიზაციის კვირეული იმერეთში 23 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
ევროპის იმუნიზაციის კვირეულის სლოგანია: აცერი და დაიცავი! ვაქცინები მოქმედებს!
კვირეული 2005 წლიდან აღინიშნება ყოველი წლის აპრილის ბოლო კვირაში.