ქუთაისში საზოგადოებრივი კვების ობიექტს საწარმოო
პროცესი შეუჩერდა. ამის შესახებ რადიო “ძველ ქალაქს” სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამართალდამცავი ორგანოებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოსწავლეთა ჯგუფურ ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.
იმერეთში ექსკურსიაზე მყოფი შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები ინტოქსიკაციის ნიშნებით 4 ნოემბერს ქუთაისის ჯანდაცვის დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც მოზარდებმა და მათმა თანხმლებმა პირებმა განმარტეს, მათ ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ი/მ “ოთარ სინაურიძის” კუთვნილ საზოგადოებრივი კვების ობიექტში ივახშმეს, რის შემდეგაც აღენიშნათ ინტოქსიკაციის სიმპტომები.
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა კვების ობიექტში იმავე დღეს ჩაატარეს არაგეგმური ინსპექტირება, გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ნიმუშები.
საზოგადოებრივი კვების ობიექტი საწარმოო პროცესის განახლებას კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორების და მიცემული რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ შეძლებს.