საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაიწყო. 

წელს სკოლაში 55 717 პირველკლასელი შევიდა. ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, 632 726 მოსწავლე ისწავლის.

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, შემსუბუქებული რეკომენდაციების თანახმად, გაუქმებულია სკოლის შენობაში დეზობარიერის გავლით შესვლის, თერმოსკრინინგის განხორციელებისა და პირბადის ტარების ვალდებულება. სკოლაში პირბადე საიზოლაციო სივრცეში მყოფმა და დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულმა პირებმა 10 დღის განმავლობაში უნდა ატარონ. ამასთან, პირბადის ტარება მიზანშეწონილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის იმ შემთხვევაში, თუ მათი სამუშაო მოითხოვს მოსწავლესთან პირისპირ კონტაქტს 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით.
ახალი სასწავლო წლიდან საკლასო ოთახებსა და დერეფნებში მოსწავლეებს შორის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვისა და მოსწავლეთა ცვლებში გადანაწილების ან საგაკვეთილო ცხრილის განტვირთვის მიზნით ჰიბრიდული სწავლების შემოღების ვალდებულებაც მოიხსნება.

2022-2023 სასწავლო წლიდან დისტანციური სწავლების არჩევის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რისკჯგუფს წარმოადგენენ – შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობისა და მშობლის მიმართვის საფუძველზე, მათ ექნებათ საშუალება გადავიდნენ შინ სწავლების რეჟიმზე.

განახლებული რეკომენდაციები სკოლის ტერიტორიაზე არსებული საკვები დაწესებულებებისა და სასკოლო წრეების შეზღუდვების მოხსნასაც ითვალისწინებს. შესაბამისად, 2022-2023 სასწავლო წლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განახლდება სასკოლო ბუფეტებისა და სასკოლო წრეების ფუნქციონირება.

ახალი სასწავლო წელი დაიწყო ასევე ბაღებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *