აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ნინი გოგოლაძე აშშ-ში, ჯორჯიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, 50%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა.

ის ინგლისური ენისა და ტურიზმის მიმართულებით ისწავლის. ნინიმ თავიდან მისაღები გამოცდის ტესტი ჩააბარა ენის კუთხით, შემდეგ გასაუბრება გაიარა, რის შემდეგაც მეილზე დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ჯორჯიას უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.

რადიო ,,ძველ ქალაქთან’’ საუბარში ნინი ჰყვება, რომ საკუთარი გეგმების შესახებ არავისთან უსაუბრია. მოსამზადებელ პერიოდში მშვიდი და აუღელვებელი იყო, რადგან გამოცდამდე ერთი თვით ადრე გაიგო, რა კუთხით უნდა ემეცადინა და სანერვიულოდ დრო არ რჩებოდა. როგორც ამბობს, საკუთარი შესაძლებლობების სჯეროდა და დარწმუნებული იყო, რომ უნივერსიტეტი მიიღებდა, მაგრამ როგორც ამბობს, დაფინანსებას არ ელოდა.

,,როცა მეილზე შეტყობინება მომივიდა, პირველი რაც გავაკეთე, დედას დავურეკე, არ მიპასუხა. მიუხედავად ჩარიცხვის მოლოდინისა, ემოციებისგან ვერ მოვიფიქრე რა გამეკეთებინა და რამდენიმე წუთი ჩუმად ვიჯექი, შემდეგ როცა გავიაზრე, რა მოხდა, ამეტირა,’’-ამბობს ნინი.

ნინი ამჟამად, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში, ინგლისური ენის და ლიტერატურის მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტია, პარალელურად, ერთ-ერთ ბანკში მომსახურე მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს. ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასვლა მისთვის ახალი გამოწვევაა. ამბობს, რომ ოჯახისგან შორს არასდროს ყოფილა, ამიტომ ფიქრობს, რომ უცხო ქვეყნაში დამოუკიდებლად ცხოვრება სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, თუმცა იმედი აქვს, რომ გამოწვევებს დაძლევს და აშშ-შიც წარმატებული სტუდენტი იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *