ქართულ საზოგადოებაში საბჭოთა რეალობის კვალზე სასაუბროდ, ქუთაისს მწერლები – ტორესა მოსი და ნენე კვინიკაძე ეწვივნენ.
ისინი ქუთაისის დემოკრატიის სკოლაში ახალგაზრდებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. აღნიშნულ საკითხზე, ასევე, გაიმართა დისკუსია. მწერლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს დემოკრატია და თავისუფლების ხარისხი არ არის იმ დონის, რომ ვთქვათ, თითქოს პოტსაბჭოთა რეალობა დავძლიეთ. მათი შეფასებით, სწორედ ამის გამო, ქართული საზოგადოება დღეს იმყოფება რეალობაში, სადაც მოლდოვამ და უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანიდატის სტატუსი მიიღეს, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსის მისაღებად, გარკვეული დავალებების შესრულება მოუწევს.
ტორესა მოსმა ყურადღება განათლების სიტემაში არსებულ ხარვეზებზე გაამახვილა, რომელიც, მისი თქმით, საბჭოთა სწავლების ნიშნებს შეიცავს და ადამიანის თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებას ხელს უშლის.
,,განათლების სისტემაში ბევრი რეფორმა ჩატარდა, მაგრამ არ შეცვლილა მთავარი- ძალადობაზე დაფუძნებული სწავლება. საბჭოთა კავშირში სკოლა იმაზე ორიენტირებული არ ყოფილა, რომ მოსწავლეს საკუთარი თავი ეპოვა და საკუთარი უნარები აღმოეჩინა. საბჭოთა ეპოქაში სკოლა ფილტრაციის პირველი საფეხური იყო, სადაც განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვებს გამოარჩევდნენ და სარაკეტო სისტემებში მიჰყავდათ, დანარჩენებს კი არწმუნებდნენ, რომ მათგან არაფერი გამოვიდოდა. სწავლება მუდმივად სტრესული იყო. მოსწავლე ითვლებოდა აღზრდის ობიექტად, რომელსაც შეგიძლია სახრე ურტყა, თუ რაიმე არ იცის. არცოდნა ისჯებოდა. სწორედ, საბჭოთა რეალობის გამონაშთები არ აძლევს მოსწავლეს საშუალებას თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბდეს. თავისუფლებას კი პირველ რიგში ცოდნა და შინაგანი მორალი სჭირდება,’’-ამბობს ტორესა მოსი.
ნენე კვინიკაძემ დღევანდელ სასკოლო სახელმძღვანელოებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისი თქმით, მოსწავლეს შესაბამის განათლებას ვერ აძლევს. მწერლის შეფასებით, დღეს ადამიანებში ისევ იგრძნობა სისტემური აზროვნება, რაც საბჭოური რეალობის კვალია.
,,თავისუფალ ადამიანს აქვს მეტი შეკითხვა, მეტი ამბიცია და მისი ხმა ყოველთვის ისმის. სისტემებს ასეთი ადამაინები არ სჭირდებათ, რადგან ეს სისტემის დაგეგმილ რელსზე სიარულს აფერხებს. მორჩილებაში მყოფი ხალხის მართვა კი ადვილია. საბჭოთა კავშირის დროს ყველაფერი ეს თარგზე მოჭრილი უნდა ყოფილიყო. ეს გადმონაშთები დღესაც შეიმჩნევა და ყველაზე მეტად ცვლილებები განათლების სისტემაშია საჭირო, რადგან აზროვნების ფორმირება სკოლაში იწყება,’’-ამბობს ნენე კვინიკაძე.
შეხვედრა პროექტის drive democracy-ის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ქუთაისის დემოკრატიის სკოლა ახორციელებს.