ქუთაისელმა ანასტასია ლელაძემ ჰარვარდის უნივერსიტეტში 95%-იანი დაფინანსებით ჩააბარა.
ის პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით ისწავლის. მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში მოხვედრა იოლი არ ყოფილა, ამისთვის ანასტასიას ბევრი დაბრკოლების გადალახვა დასჭირდა. როგორც ყვება, რთული იყო მზადების პროცესი, რადგან ამერიკული სწავლების სისტემა ქართულისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, ამ განსხვავებების დაძლევა და ამერიკულ სიტემასთან ადაპტაცია კი ურთულესია.
,,იმისთვის, რომ სააპლიკაციო პროცესი სწორად წარიმართოს, საჭიროა საგნობრივი გამოცდების ჩაბარება, ასევე ტოეფელის გამოცდა, სამოტივაციო ესე, სკოლის ნიშნები, მასწავლებლების დახასიათება. დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კლასგარეშე აქტივობებს. უზღვავი მასალა იყო დასამუშავებელი, რაც დიდ სტრესთანაა დაკავშირებული, ამას პანდემიაც დაერთო. არ მყავდა ცოცხალი მაგალითი, ვისაც ეს გამოუვიდა. დღე და ღამე ინტერნეტში ვიყავი, რომ არაფერი გამომრჩენოდა. ზოგჯერ მიფიქრია, რომ აღარ მინდა, მაგრამ მასწავლებლები, მშობლები, მეგობრები გვერდით მედგნენ და მხარდაჭერამ დიდი როლი ითამაშა,’’-ამბობს ანასტასია.
ანასტასია ამბობს, რომ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში ჩაბარებას, თანაც დაფინანსებით, მაღალი კონკურენციიდან გამომდინარე, არ ელოდა, თუმცა მაინც ჰქონდა იმედის ნაპერწკალი, რომ მიზანს მიაღწევდა.
,,შარშან ჰარვარდში 45 ათასი განაცხადი იყო, წელს – 61 ათასი. კატასტროფული კონკურენცია იყო. მიღება მხოლოდ 3.2 % იყო, ამიტომ რთული იყო იმის წარმოდგენა, რომ იქ მოვხვდებოდი. Რა თქმა უნდა, იმედი რომ არ მქონოდა, მიზნად არ დავისახავდი, თუმცა მაინც ნაკლებად ველოდი. უზღვავი სიხარული იყო, როცა გავიგე, რომ ჰარვარდში მოვხვდი,’’-ამბობს ანასტასია.
ანასტასიამ ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი დაასრულა. სწორედ ამ სკოლას და დამრიგებელს უმადლის ამერიკის წამყვან უნივერსიტეტში ჩაბარებას.
პროფესია იმის მიხედვით შეარჩია, რომელი სფეროც ყველაზე მეტად იზიდავს და რომელიც მისი ყველაზე დიდი მიზნის მიღწევაში დაეხმარება.
,,ბავშვოდიან მიყვარს ისტორია, განსაკუთრებით, ისეთი თემები, სადაც რთული საერთაშორისო პოლიტიკური ურთიერთობები იკვეთება. მინდა ამ სფეროს დავეუფლო, რათა შემდგომში ჩემს ქვეყანას გამოვადგე. როცა ხედავ, რომ შენს ქვეყანაში მუდმივად კრიზისია, გიჩნდება პროტესტი და გინდა, რომ სამშობლოს წინსვლაში, კეთილდღეობაში წვლილი შენც შეიტანო. სწავლის დასრულების შემდეგ მაგისტრატურაზე ჩაბარებას ვგეგმავ, შემდეგ- დოქტორანტურაზე. 1-2 წელი მინდა საერთაშორისო ორგანიზაციაში ვიმუშავო და შემდეგ აუცილებლად საქართველოში დავბრუნდები, რადგან ჩემი უმთავრესი და გრძელვადიანი მიზანია, ჩემი განათლება, ჩემი რესურსი ჩემს სამშობლოს მოვახმარო,’’-ამბობს ანასტასია.
ანასტასია აშშ-ში აგვისტოში გაემგზავრება. ამბობს, რომ ჰარვარდისთვის ორწლიანმა მზადებამ მორალურად გააძლიერა, ამიტომ ცხოვრების ახალ საფეხურს თავდაჯერებული ხვდება. მზადაა უცხო ქვეყანაში დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის და მიდის იმისთვის, რომ წლების შემდეგ სამშობლოს დაუბრუნდეს და იქ მიღებული ცოდნა საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობას დაახარჯოს.