12 ივლისიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე
რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაციის პროცესი 20 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს ასზე მეტი დასახელების პროგრამაზე მიიღებენ.
2021 წელს გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობაც, რაც საბაზო განათლების მქონე პირებს საშუალებას აძლევს პროფესიულ განათლებასთან ერთად სრული ზოგადი განათლებაც მიიღონ.
2021 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გავლა მხოლოდ უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებს მოუწევთ. რაც შეეხება სხვა პროგრამებზე მიღებას, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, პარტნიორ ორგანიზაციებთან, მათ შორის დამსაქმებლებთან ერთად, თავად უზრუნველყოფენ სტუდენტთა შერჩევის პროცესის ორგანიზებას.
რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე საქართველოს მასშტაბით მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.