29-30 მაისს ქუთაისში ლგბტ ადამიანების პრობლემებზე
ფილმების ჩვენება და დისკუსია გაიმართა. ღონისძიება ორი ორგანიზაციის: ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” და ,,სტუდიო მობილი აქცენტი მოძრაობაზე” ორგანიზებით მოეწყო. შეხვედრას ჟურნალისტები, პედაგოგები და სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ქალები ესწრებოდნენ. ღონისძიება პროექტის ..ლგბტ თემის მხარდამჭერი დისკურსის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში’’ ფარგლებში შედგა. განსახილველ ფილმებში ლგბტ ადამიანების ცხოვრება და ის სირთულეები იყო წარმოდგენილი, რასაც ისინი ყოველდღიურად აწყდებიან. საზოგადოების აგრესია და ზეწოლა, ოჯახის წევრების მხრიდან მიუღებლობა- ეს ის პრობლემებია, რომლის წინაშეც ლგბტ ადამიანები დგანან. დისკუსიაზე იმსჯელეს რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოება მათ მიმართ მეტად შემწყნარებელი გახდეს.
,,ლგბტ ადამიანების მიმართ საზოგადოება დიდ აგრესიას იჩენს. რამდენიმე წლის წინ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს მათი და მათი მხარდამჭრების მიმართ გამოვლენილმა სისატიკემ დაგვანახა, რომ საზოგადოებას ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება სჭირდება. წარმოდგენილ ფილმებში ადამიანები ყვებიან როგორ დაესხნენ თავს ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები. ეს ფილმები ჩვენი გადაღებულა. გვინდა საზოგადოებას ვაჩვენოთ რა დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ადამიანებმა უნდა გაიაზრონ, რომ ძალადობა და აგრესია დაუშვებელია. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ჰომოსექსუალიზმი არჩევანი არ არის და ადამიანები ასეთებად იბადებიან. დღევადელი დისკუსია ნაყოფიერი გამოვიდა, სხვადასხვა პროფესიის ქალებს გავაცანით ფილმები, რათა მათ შეძლონ ადეკვატური საქციელის გამოვლენა,’’-ამბობს ორგანიზაცია ,,სტუდიო მობილი აქცენტ მოძრაობაზე” წარმომადგენელი, ლია ჯაყელი.
,,ლგბტ თემის მხარდამჭერ დისკუსიები ცოტაა. საჭიროა ამ ფორმატით საზოგადოების მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია მათ შესახებ, რათა მათ შეძლონ განსხვავებულის მიღება. საჭიროა გავიაზროთ, რომ ამ ადამიანებს აქვთ უფლებები და დაცული უნდა იყვნენ ძალადობისგან და დისკრიმინაციისგან’’,-აღნიშნა პროექტის კოორდინატორმა ქუთაისში, ქეთევან ბერძენიშვილმა.
პროექტი ორი წელია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები საქართველოს ოთხ რეგიონში: იმერეთში, გურიაში, კახეთსა და ქვემო ქართლში მიმდინარეობს.