ქუთაისში ქალთა შრომით უფლებებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით
სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე შრომის კოდექსში შესულ ცვლილებებზე და დასაქმებული ქალების უფლებების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უფლებებისა და განათლებისთვის’’ ორგანიზებით მოეწყო. შრომის კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია ერთი და იმავე თანამდებობაზე დანიშნულ ქალსა და მამაკაცზე, რომლებიც ერთი და იმავე დროის ხანგრძლივობით მუშაობენ, გასცეს თანაბარი ხელფასი, რათა ადგილი არ ჰქონდეს დისკრიმინაციას. ასევე კომპანია ვალდებული იქნება აწარმოოს სამუშაო საათების აღწერა ელექტრონული ან მატერიალური ფორმით, რათა დასაქმებულის ანაზღაურება იყოს გაწეული შრომის პროპორციული. ზეგანაკვეთური საათები კი შედარებით მეტი თანხით ანაზღაურდება.
დოკუმენტში ასევე საუბარია ქალთა სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციის აკრძალვაზე.
რაც შეეხება გამოსაცდელ ვადას, დამსაქმებელს არ აქვს უფლება გამოსაცდელი ვადით კადრი აიყვანოს 6 თვეზე მეტი ხნით, ასევე იკრძალება გამოსაცდელი ვადით აყვანა ორჯერ.
შრომის კოდექსში გაჩნდა ტერმინი სტაჟირებაც. არაანაზღაურებადი სტაჟირების ვადა მაქსიმუმ ექვს, ხოლო ანაზღაურებადის ერთ წელს მოიცავს.
,,შრომის კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით ისეთი საკითხები დარეგულირდა, რაც მანამდე არ იყო. ეს ასოცირების ხელშეკრულების ნაწილია. თუ გვსურს ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ, შრომის კოდექსი მათ ღირებულებებს უნდა მოვარგოთ. ხშირია შემთხვევა, როცა ერთი და იმავე თანამდებობაზე დასაქმებულ ქალსა და მამაკაცს, რომლებიც ერთი და იმავე გრაფიკით მუშაობენ, განსხვავებული ანაზღაურება აქვთ, მაგრამ ასე ვეღარ იქნება. კანონში ხელფასების გათანაბრების შესახებ ცვლილება შევიდა. დასაქმებულის უფლებებს კი შრომის ინსპექცია დაიცავს. ჩვენი კანონები ნელ-ნელა იხვეწება,’’-ამბობს ორგანიზაცია ,,უფლებებისა და განათლებისთვის’’ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქეთი სვანაძე.
შეხვედრას არასამთავრობო სექტორის, მედიის, საჯარო თუ კერძო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.