ქუთაისის საკრებულომ ქუთაისის საერთაშორისო
უნივერსიტეტის განაშენიანების რეგულირების გეგმის ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებები კომპლექსში ახალი შენობების დამატებას, საგზაო ინფრასტრუქტურის, საინჟინრო ქსელებისა და ლანდშაპტური სამუშაოების კორექტირებას ეხებოდა. მის განხილვას ფონდი “ქართუს” პროექტების ხელმძღვანელი ვახტანგ ცაგარელი დაესწრო.
“პირველ ნაკადში უნივერსიტეტმა სამ სპეციალობაზე მიიღო 246 სტუდენტი. ისინი სწავლობენ ჰიბრიდული მოდელით. წლიდან-წლამდე გაიზრდება სტუდენტთა ბაზაც და დაემატება ახალი დისციპლინები. შემდეგ ფაზებში იქნება საინჟინრო სპეციალობები, შემდეგ ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია,”-ამბობს ვახტანგ ცაგარელი.
ცაგარელმა ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა, როდის ისწავლის უნივერსიტეტში დაანონსებული 60 000 სტუდენტი.
“ძალიან რთული სათქმელია. მოგეხსენებათ ეს ძალიან დიდი პროექტია თავისი მნიშვნელობით. სავარაუდოდ, პროექტის განვითარება 7-10 წელიწადში დასრულდება. 60 000 სტუდენტი ეს არის ჯამური ინფრასტრუქტურული ტევადობა, ეს არ ნიშნავს, რომ რომელიღაც მომენტში ერთდროულად 60 000 სტუდენტი ისხდება მერხთან,”-განაცხადა ვახტანგ ცაგარელმა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ივანიშვილის დაფინანსებით აშენდა, შემდეგ კი საკუთრებაში სახელმწიფოს გადაეცემა.