ქუთაისის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება
დაიწყო. კვების რაციონის მიხედვით შედგენილ სასურსათო პაკეტს 8 250 აღსაზრდელის ოჯახი მიიღებს. პროდუქტების გაცემა ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს.
“8250 ბავშვი მიიღებს სასურსათო პაკეტს, რომელიც დაკომპლექტებულია ყველა იმ პირველადი საჭიროების პროდუქტებით, რაც აუცილებელია ჩვენი ბაღების აღსაზრდელებისათვის. პირველ ეტაპზე მოგვიწია დაახლოებით 33 000 ნობათის დარიგება. იმედი მაქვს, აღსაზრდელები ბაღებში სიარულს მალე დაიწყებენ,”-განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ერემეიშვილმა.
ქუთაისში 37 საჯარო საბავშვო ბაღია. ბაღებში სასწავლო პროცესი კოვიდ 19-ის პანდემიის გამო მას შემდეგ შეწყდა, რაც ვირუსი ბაღების თანამშრომლებს დაუდასტურდათ. “ბაგა-ბაღების” გაერთიანებაში აცხადებდნენ, რომ პირველ ეტაპზე სწავლა სულ მცირე ორი კვირით შეჩერდებოდა და პროცესი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე განახლდებოდა.