,,ჩემი განათლება ჩიხშია, არა ონლაინ სწავლებას’’-ამ სახელწოდების აქციით აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებმა დინსტანციური სწავლის რეჟიმი გააპროტესტეს და ონლაინ ლექციების შეწყვეტა მოითხოვეს.
როგორც სტუდენტები ამბობენ, მთავრობის მიერ გაცემული დაპირება, თითქოს 19 ოქტომბრიდან უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში აღდგება, არის ტყუილი, რადგან სასწავლო პროცესი წესით პირველ ოქტომბერს უნდა აღმდგარიყო.
,,ეს არის ხალხის კიდევ ერთხელ მოტყუება. რომ გაგვაჩუმონ გვპირდებიან, რომ სწავლა 19 ოქტომბერს დაიწყება. დინსტანციური სწავლის რეჟიმი ხარისხიან განათლებას ვერ გვაძლევს. რასაც სტუდენტების უმეტესობა სწავლის საფასურს იხდის, იმ თანხის საპირწონე განათლებას ვერ იღებს. ვფიქრობ, გადასახადი უნდა განახევრდეს. ჩვენ არ დავდივართ უნივერსიტეტში, შესაბამისად უნივერსიტეტის რესურსს არ ვხარჯავთ და მიჩნდება კითხვა, რისთვის ვიხდით ამდენ ფულს|? რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ძალიან ბევრ სტუდენტს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა და შესაბამისი ტექნიკა, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის ‘’-ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის, სამართლის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი ნიკა ჭეიშვილი.
,,ონლაინ სწავლება უნაყოფოა და არანაირი შედეგი არ აქვს. სემინარს შეიძლება დაესწრო ონლაინ, მაგრამ შეუძლებელია პრაქტიკული ონლაინ ჩააბარო. მითუმეტეს არის პროფესიები, სადაც თეორიაზე მეტად პრაქტიკებია საჭირო’’-ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის, სამართლის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი, ნოდარ ხიზანეიშვილი.
განათლების მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში უნივერსიტეტები მუშაობას 19 ოქტომბრიდან განაახლებენ. მანამდე მთავრობა სწავლის დაწყებას 1 ოქტომბრიდან აანონსებდა.