ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება
გრძელდება. დღეს აბიტურიენტებს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველადი შედეგების ნახვა შეუძლიათ.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის თქმით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი ქულა 20-მა აბიტურიენტმა, ხოლო მათემატიკაში 12-მა მიიღო.
“სასიხარულოა, რომ 20-მა აბიტურიენტმა უმაღლესი ქულა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში, 12-მა კი მათემატიკაში. ეტაპობრივად ქვეყნდება სხვა საგნების შედეგებიც. ვფიქრობთ, რომ პირველადი შედეგების გამოცხადება დასრულდება მომდევნო კვირის დასაწყისში და ჩვენ შევძლებთ სააპელაციო განაცხადების მიღებას. საპრეტენზიო განაცხადების შემოტანის შესაძლებლობა აბიტურიენტებს 4 დღის განმავლობაში ექნებათ. რაც შეეხება საბოლოო შედეგებს, იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო განაცხადების რაოდენობა იქნება წინა წლების მსგავსი, აგვისტოს დასასრულს უკვე შევძლებთ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას,”-განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა.