პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია 20 მაისს დაიწყო და 10 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
აპლიკანტებს რეგისტრაცის გავლა საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში, ელექტრონულად ვებგვერდზე http://vet.emis.ge/ შეუძლიათ.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული 11 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა:
საოფისე საქმე, ელექროობა, მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება, საბაჟო საქმე,ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოება,საფინანსო სერვისები,მსუბუქი ავტომობილის ძრავას შეკეთება, ლოჯისტიკა, მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება, ბუღალტრული აღრიცხვა, საავტომობილო გზების მშენებლობა.
აწსუ პროფესიული და უწყვეტი განათლების ცენტრის ხელმძღვანელის სერგო სვანაძის განცხადებით, პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ამასთან იგეგმება როგორც მოდულური, ასევე დუალური პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამების და მოკლევადიანი, ე.წ. მოკლე ციკლის, პროფესიული პროგრამების დამატება, რაც დაინტერესებული პირებისთვის უკვე მომავალ მიღებაზევე იქნება ხელმისაწვდომი.
,,დაინტერესება საკმაოდ დიდია და კონკურსიც არის მთელ რიგ პროგრამებზე. სწავლა უფასოა ანუ სახელმწიფო აფინანსებს სრულად. პროგრამებზე სწავლის ვადები განსხვავებულია. გვაქვს როგორც ცხრათვიანი, ისე წელიწადნახევრიანი პროგრამები მათი თავისებურებიდან გამომდინარე. პროფესიულ პროგრამებზე სწავლა შეუძლია მათ, ვისაც უკვე აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი. სახელმწიფომ დაიწყო მოქნილი პოლიტიკის გატარება და თუ პიროვნებას აქვს შესაბამისი მუშაობის გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები, მათთვის არ არის აუცილებელი სრულად გაიაროს პროგრამა, შესაძლებელია მოკლევადიანი პროგრამის გავლა მისთვის საინტერესო კომპონენეტის ფარგლებში, ასევე არაფორმალური განათლების აღიარების წესის შესაბამისად არსებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების აღიარება მოხდება. აღნიშნული დამუშავების პროცესშია და ახლო მომავალი ამ სეგმენტსაც შევთავაზებთ დაინტერესებულ პირებს”-განაცხადა სერგო სვანაძემ.
პრეტესტი ჩატარდება 31 აგვისტოს, ხოლო მისაღები გამოცდა 1 სექტემბერს.
ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ ტესტების ნიმუშებთან ერთად განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ პროგრამებზე 189 სტუდენტის მიღებას გეგმავენ.