კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით,
სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა კი ერთი თვით გადავადდა. საქართველოს მთავრობის დადგენილება უკვე გამოქვეყნდა.
,,საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ინფიცირებულია 23 ადამიანი. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო – 2-ს აღენიშნება შედარებით რთული სიმპტომები, თუმცა ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.
საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში რჩება 126 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – 46 პირი.
დღეს საბჭოს წევრებმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს:
1.საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. ასევე, 1-ელ აპრილამდე შეწყვეტილი იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მომსახურების მიწოდება დღის ცენტრებში. საჭირო ღონისძიებებს დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურების საკითხი კი შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის გათვალისწინებით გადაწყდება.” – წერია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.