განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, სკოლებში სწავლის შეწყვეტის
საფუძველი არ არსებობს. პრევენციის მიზნით, სამინისტრო სკოლებისადმი სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის მოთხოვნებს ზრდის. მოთხოვნების მონიტორინგს საგანმანათლებლო რესურსცენტრები უზრუნველყოფენ.
განათლების სამინისტროს რეკომენდაციები:
სკოლა ყოველდღიურად დალაგდეს სველი წესით;
საკლასო ოთახების, სხვა სასწავლო და დამხმარე ოთახების დალაგება გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მოხდეს გაღებული ფანჯრებისა და ფრამუგების მდგომარეობაში. ორი ცვლის შემთხვევაში, დალაგდეს 2-ჯერ;
ჩატარდეს შენობის გენერალური დასუფთავება როგორც სარეცხი, ასევე სადეზინფექციო საშუალებებით;
ტუალეტები, ბუფეტი, სასადილო და სამედიცინო კაბინეტი დასუფთავდეს სადეზინფექციო საშუალებებით;
სანიტარულ-ტექნიკური აღჭურვილობის დასუფთავება მოხდეს ყოველდღიურად. უნიტაზის დასაჯდომი ჩასარეცხი ავზის სახელურები და კარების სახელურები გაირიცხოს ცხელი წყლითა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;
სასადილოს დასუფთავება მოხდეს ყოველი საუზმე, სადილისა და სამხარის შემდეგ;
მაგიდები და ჭურჭელი გაირეცხოს სპეციალური ხსნარებით;
დეზინფექციის დროს ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს იმ ნივთების დამუშავებას, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ინფექციის გადაცემაში (კარის სახელურები, კარები, მაგიდის ზედაპირები);
ჰაერ-წვეთოვანი ინფექციის დროს ხშირად განიავდეს კლასები, ოთახები გაიწმინდოს მტვრისაგან, დასუფთავდეს სველი წესით;
სკოლის ადმინისტრაციის მიერ დადგინდეს ტუალეტების დასუფთავების წესები, პერიოდულობა, დასუფთავებისათვის განკუთვნილი ინვენტარისა და გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების ნუსხა;
ნაგვის ყუთების გაცლა მოხდეს მათი 2/3-ზე გავსებისას. გაცლის შემდეგ ნაგვის შემკრებებს ჩაუტარდეს დეზინფექცია;
სკოლის ტერიტორიაზე არ დაიშვას უმეთვალყურეო ცხოველები;
სკოლაში უზრუნველყოფილი იყოს ნახმარი წყლების მოცილება/არინება და სეპტიკური ავზების დაცლა დროულად და უსაფრთხოდ;
სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სპეციალიზებული სამსახურის მეშვეობით, ჩატარდეს ნარჩენების კონტეინერების განთავსების ადგილის, ასევე საწყობებისა და სარდაფების პერიოდული დამუშავება.
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.