საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის,
ეკატერინე დგებუაძის თქმით, 2020-2021 სასწავლო წლიდან “ახალი სკოლის მოდელი” განხორცილების ახალ ეტაპზე გადადის, რომელიც 2024 წლისათვის საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლას მოიცავს. მინისტრის მოადგილის თქმით, გაიზრდა პროექტში ჩართული კლასების რიცხვიც. თუკი აქამდე “ახალი სკოლის მოდელი” მხოლოდ დაწყებითი საფეხურის I-IV კლასების მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეეხებოდა, 2020 წლის თებერვლიდან პროცესში თბილისის 22 სკოლის V-IX კლასების მოსწავლეები და პედაგოგებიც ჩაერთვნენ.
“ახალი სკოლის მოდელის” დანერგვა 2019 წელს 165 სკოლაში დაიწყო და მასში ჩართულია 3400 მოსწავლე და 3096 პედაგოგი. 2020 სასწავლო წლიდან პროექტი 300-მდე სკოლას მოიცავს და მასში ჩაერთვება 96 000 მოსწავლე და 8000 მასწავლებელი. “ახალი სკოლის მოდელი” – ეს არის რეფორმა, პროცესი, რომელიც მიმდინარეობს საკლასო ოთახიდან, სადაც ექსპერტების მიერ გაზიარებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით თითოეული სკოლა საკუთარ, ინდივიდუალურ “სკოლის მოდელს” ქმნის.