გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ბავშვთა უფლებების საკითხების საუნივერსიტეტო
სილაბუსებში დაინერგვის პროცესი მიმდინარეობს.
საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელმა, დოქტორმა ღასან ხალილიმ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების საკითხებზე ტრენინგი ჩაატარა, სადაც აკაკი წერეთლის სახელწმიფო უნივერსიტეტთან ერთად ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისს, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ნანა შონია ამბობს, რომ შესაბამისი სილაბუსების შემუშავებას უკვე იწყებენ.
,,ტარდება გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დაგეგმილი ერთობლივი ვორქშოფი ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხების ჩანერგვაზე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებში. მიზანი არის ის, რომ საქართველოში უფრო სიღრმისეულად იქნეს შესწავლილი და დაცული ბავშვთა უფლებები. უნდა შევუდგეთ შესაბამისი სილაბუსის შემუშავებას.”- განაცხადა ნანა შონიამ.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიურ ფაკულტეტზე ბავშვთა უფლებების საკითხების დანერგვა პირველად ხდება. ფაკულტეტის დეკანის, მამულო ბუჭუხიშილის თქმით, სამაგისტრო პროგრამის სილაბუსში ბავშვთა უფლებების საკითხები უკვე შეტანილი აქვთ და აკრედიტაციას ელოდებიან.
,,ჩვენთან ამ ეტაპზე აკრედიტაციას გადის სამაგისტრო პროგრამა, სადაც შევიტანეთ რამდენიმე დისციპლინა, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებს ეხება. იგეგმება რესპუბლიკური კონფერენცია ოქტომბერში და მასში ჩვენი უნივერსიტეტიც მიიღებს მონაწილეობას. სულ ახლახან გვქონდა საუბარი გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან რომელმაც შემოგვთავაზა, რომ ჩვენს უნივერსიტეტში გაიხსნას კუთხე, რომელიც ბავშვთა უფლებების შესახებ მიაწოდებს ინფორმაციას დაინტერესებულ პირებს. ეს იქნება ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხე და ჩვენი უნივერსიტეტი იქნება პირველი,სადაც ეს მოეწყობა.”- განაცხადა მამულო ბუჭუხიშვილმა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველია, სადაც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით სილაბუსებში ბავშვთა უფლებების საკითხების დანერგვა დაიწყო.