,,ადრონული თერაპიის ცენტრში ჩვენ გვექნება ორი ციკლოტრონი. ერთი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას,
რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებში სიმსივნის მკურნალობის თვალსაზრისით. მეორე ციკლოტრონი კი მოხმარდება სამეცნიერო-კვლევით პროცესს ონკოლოგიაში, ზოგადად მედიცინაში, სამედიცინო ფიზიკასა და ბირთვულ ფიზიკაში.” – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ლიონში (საფრანგეთი) პროტონული თერაპიის საერთაშორისო სიმპოზიუმზე განაცხადა, სადაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტი და მისი მნიშვნელობა განიხილეს.
“ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ პროტონული თერაპიის საერთაშორისო სიმპოზიუმში, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ლიონში გაიმართა. ამ სიმპოზიუმზე დეტალურად განვიხილეთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტი და მისი განვითარების საკითხები.
ადრონული თერაპიის ცენტრი მთლიანად დაფინანსებულია ფონდ “ქართუს” მიერ, რომელმაც 40 მილიონი ევროს ქველმოქმედება განახორციელა. ეს არის ნაწილი იმ ერთი მილიარდი ევროს ინვესტიციისა, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეგა-პროექტისთვის განახორციელეს.
ადრონული თერაპიის ცენტრში ჩვენ გვექნება ორი ციკლოტრონი. ერთი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებში სიმსივნის მკურნალობის თვალსაზრისით. მეორე ციკლოტრონი კი მოხმარდება სამეცნიერო-კვლევით პროცესს ონკოლოგიაში, ზოგადად მედიცინაში, სამედიცინო ფიზიკასა და ბირთვულ ფიზიკაში.
ამ სიმპოზიუმზე წარმოდგენილი იყვნენ ევროპის – გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების ცნობილი მეცნიერები, რომლებიც ძალიან დაინტერესდნენ ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტით და გამოთქვეს მზაობა, რომ აქტიურად ჩაერთონ ცენტრის სამეცნიერო-კვლევით პროცესში.” – განაცხადა მინისტრმა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე რეგიონში პირველი ადრონული თერაპიის ცენტრი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელ კომპანიასთან IBA (Ion Beam Applications S.A.) პარტნიორობით დაფუძნდება, რასაც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” დააფინანსებს.