პროფესიულ კოლეჯ “იბერიას” გერმანიის საერთაშორისო
თანამშრომლობის საზოგადოებისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ეწვივნენ. მათ ტურიზმის სფეროში ჩართულ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაში მონაწილეობა იმ სასტუმროების წარმომადგენლებმა მიიღებენ, რომლებიც იმერეთის რეგიონში ოპერირებენ.
ღონისძიების მიზანია ტურიზმის მიმართულებით გერმანული დუალური პროფესიული განათლების მოდელის დანერგვა, რაც პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოებით, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, ინოვაციური მიდგომების დანერგვითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობით არის შესაძლებელი.
“ჩვენი საქმიანობის ძირითადი სფერო კვალიფიციური კადრების შეთავაზებაა შრომის ბაზრისათვის. შესაბამისად, ჩვენ ვხვდებით ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს, რათა ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამები მაქსიმალურად იყოს მორგებული მათს საჭიროებებზე,”-განაცხადა კოლეჯ “იბერია”-ს დირექტორმა, ირაკლი ავალიანმა.
“ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება პროფესიული განათლების ხელშეწყობაა, რადგან კერძო სექტორისათვის უმნიშვნელოვანესი თემაა კვალიფიციური კადრის მომზადება. ჩვენი მთავარი მიზანია, კერძო სექტორის წარმომადგენლებს მივაწოდოთ ინფორმაცია დუალური მიდგომით სწავლების შესახებ, რომელიც თავის თავში მოიაზრებს განათლების სისტემაში კერძო სექტორის უფრო აქტიურ ჩართულობას, როდესაც სტუდენტი კოლეჯის პარალელურად პროფესიას სამუშაო ადგილზე ეუფლება,”-განაცხადა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენელმა, დარიკო გოგოლმა.
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება პროფესიული განათლების რეფორმის ერთ-ერთი მხარდამჭერია და ხელს უწყობს საქართველოს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის განხორციელებას.