ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტებისათვის დაგეგმილ წინასაახალწლო
ღონისძიებას აუქმებს. გადაწყვეტილება უნივერსიტეტმა გარდაცვლილი ახალგაზრდების გამო მიიღო. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ უნივერსიტეტი სწავლის გადასახადს უნახევრებს ყველა სტუდენტს, რომლებსაც 2 წელზე მეტია შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო.
“ქუთაისის უნივერსიტეტი წინასაახალწლოდ დაგეგმილ გრანდიოზულ ღონისძიებას ჯგუფ Loudspeaker-ის მონაწილეობით აუქმებს!
უნივერსიტეტი თანაუგრძნობს გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს, მეგობრებსა და საზოგადოების თითოეულ წევრს.
საქართველოში ახალგაზრდების ნიჰილისტური და აპათიური განწყობის ერთ-ერთ საწყის მიზეზად მძიმე არასტაბილური სოციალურ-ეკონომიკური პირობები მიიჩნევა. სწორედ ამიტომ, ქუთაისის უნივერსიტეტი იღებს თავის წილ სოციალურ პასუხისმგებლობას და სწავლის გადასახადს უნახევრებს უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს, რომლებსაც 2 წელზე მეტია შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო.
გვინდა შევახსენოთ ახალგაზრდებს, რომ სიცოცხლე ყველაზე ძვირფასი საჩუქარია და ყველა განსაცდელის მიუხედავად ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!,”-ნათქვამია ქუთაისის უნივერსიტეტის განცხადებაში.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე