ზესტაფონში, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროფესიული კოლეჯი,
“კონსტრუქტ2” შრომის უსაფრთხოების ოფიცრებს გადაამზადებს. ფიქრობენ, რომ ორ წელიწადში აღნიშნული მიმართულებით დასაქმების ბაზარზე არსებული კადრების დეფიციტი აღმოიფხვრება.
სასწავლებელში მოკლევადიანი მომზადების პროგრამასა და შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიებზე სასწავლო პროცესი უკვე დაიწყო.
“როგორც მოგეხსენებათ “შრომის უსაფრთხოების შესახებ” ახალი კანონის შესაბამისად, ყველა კომპანიას უნდა ჰქონდეს შრომის უსაფრთხოების ოფიცრის შტატი. ახალი რეგულაციების შედეგად კი დასაქმების ბაზარზე ამ პროფესიის ადამიანების დეფიციტი გაჩნდა, თუმცა სახელმწიფომ ეფექტიანად იმუშავა და მოთხოვნის შესაბამისად გაზარდა მოწოდებაც. ამის მაგალითია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროფესიული კოლეჯი “კონსტრუქტ2″, სადაც დღეს ვიმყოფებით და რომელმაც უკვე შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროგრამაზე პირველი სტუდენტები მიიღო”. – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ.
იმერეთის გუბერნატორთან ერთად “კონსტრუქტ2”-ს ქუთაისის ვიცე-მერი ნინო თვალთვაძე და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგლიჩიძე ესტუმრნენ.