საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით,
იაპონიის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია NTT Security-ის ექსპერტები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით პროცესში ჩაერთვებიან. დაგეგმილია მათი ჩართულობა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
,,საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იაპონიის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის NTT Security-ის აღმასრულებელ დირექტორს კაზუ იოზავას შეხვდა.
მიხეილ ჩხენკელმა კაზუ იოზავას დეტალურად გააცნო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი და მისი მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა. კაზუ იოზავამ მზაობა გამოთქვა, რომ NTT Security-ის წამყვანი სპეციალისტები კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით აქტიურად ჩაერთვებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით პროცესში.”- წერია სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაცია თბილისში 18 სექტემბერს გაიმართა.
პროექტის პირველ ფაზაში 170 000 კვადრატული მეტრის ფართის შენობა-ნაგებობები შენდება, რომელიც 3 სასწავლო კორპუსს, 3 სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს საცხოვრებელ კორპუსს პროფესორ-მასწავლებლებისათვის, ცენტრალურ ბიბლიოთეკასა და სასადილოს მოიცავს. ]
მომდევნო ეტაპზე დამატებით 2 სასწავლო კორპუსი აშენდება – ადრონული თერაპიის ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა, ლაბორატორიები და სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების სხვა ობიექტები.
უნივერსიტეტმა სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წლის სექტემბერში უნდა მიიღოს.