აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის აქტიური მოქალაქეებისათვის პროექტს იწყებს.
“რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაცით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის”- ასე ჰქვია პროექტს, რომელში ჩართვაც 18 წლიდან სამოქალაქო ინიციატივებით, მოხალისეობრივი საქმიანობით, საჯარო პოლიტიკისა და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ.
პროექტი მოიცავს ინტენსიურ ტრენინგ–კურსს, რომლის შემდეგაც მონაწილეები ჩაერთვებიან რეგიონული განვითარების საჭიროებების კვლევასა და პოლიტიკის დოკუმენტის მომზადებაში, მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის ფორმატის შეხვედრებსა და სამოქალაქო კონგრესებში.
,, ამ პროექტის მიზანი ამომრჩეველთა ინფორმირებულობაა. მათი საჭიროებების წინა პლანზე წამოწევა და არჩეული თანამდებობის პირებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხარისხის გაუმჯობესება. პროექტი, ასევე, მიმართულია ზოგადად, პოლიტიკური და დემოკრატიული კულტურის გაუმჯობესებისკენ საქართველოში. უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს საქართველოში დემოკრატიული და პოლიტიკური კულტურა.” – განაცხადა აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორმა ქეთი ბიბილეიშვილმა.
მისივე თქმით, პროექტში ჩართული პირები ისარგებლებენ მცირე გრანტების პროგრამით. ტრენინგების კურსი დაიწყება 2019 წლის დეკემბერში და დასრულდება 2020 წლის თებერვალში.
პროექტი ქუთაისის გარდა თელავში, გორში, ბათუმსა და თბილისში განხორციელდება.