ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის საფასური
საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტებში არსებული გადასახადის ტოლი იქნება. ამის შესახებ ფონდი “ქართუს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკო ჩხეტიანმა განაცხადა. მისივე განმარტებით, ფონდი “ქართუ” დააწესებს სტიპენდიასაც.
“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მასზე გავრცელდება ყველა ის რეგულაცია, რაც არის სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ამის გარდა, ფონდი “ქართუს” მხრიდან იქნება მხარდაჭერა და დაწესდება სტიპენდიები,”-განაცხადა ნიკო ჩხეტიანმა.
შეგახსენებთ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაცია თბილისში 18 სექტემბერს გაიმართა. 19 სექტემბერს კი სამშენებლო მოედანი ფონდ “ქართუს” წარმომადგენლებმა, უნივერსიტეტის რექტორმა და გერმანელმა მეცნიერებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
პროექტის პირველ ფაზაში 170 000 კვადრატული მეტრის ფართის შენობა-ნაგებობები შენდება, რომელიც 3 სასწავლო კორპუსს, 3 სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს საცხოვრებელ კორპუსს პროფესორ-მასწავლებლებისათვის, ცენტრალურ ბიბლიოთეკასა და სასადილოს მოიცავს. მომდევნო ეტაპზე დამატებით 2 სასწავლო კორპუსი აშენდება – ადრონული თერაპიის ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა, ლაბორატორიები და სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების სხვა ობიექტები.
უნივერსიტეტმა სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წლის სექტემბერში უნდა მიიღოს.
ფოტო: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი