ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020 წლის შემოდგომაზე,
პირველ სემესტრში 1000 სტუდენტს მიიღებს. უნივერსიტეტი მიღებას სამ სპეციალობაზე გამოაცხადებს. პირველ ნაკადს სწავლა მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და მენეჯმენტის მიმართულებით შეეძლება. ამის შესახებ ფონდი “ქართულს” პროგრამების ხელმძღვანელმა, ვახტანგ ცაგარელმა განაცხადა.
ცაგარელის თქმით, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა რაღაც ეტაპზე 60 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი.
“ინფრასტრუქტურის ნაწილი რაღაც ეტაპზე გათვლილი იქნება 60 000 სტუდენტზე, შეიძლება უფრო მეტზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ 60 ათასი სტუდენტი ერთად იქნება ოდესმე,”-განაცხადა ცაგარელმა.
ცაგარელმა უნივერსიტეტის სამშენებლო სამუშაოები გერმანელ მეცნიერებთან, განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”