საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიხეილ ბატიაშვილი მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. მილოცვაში მინისტრი ამბობს, რომ ის განათლების სისტემის რეფორმირებისა და განვითარებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.
“ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, პედაგოგებო და მშობლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
დღეიდან თქვენს ცხოვრებაში კიდევ ერთი საინტერესო ეტაპი იწყება. გისურვებთ დიდი მონდომებით შეუდგეთ შემეცნებისა და ცოდნის დაუფლების პროცესს.
მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენი განათლება წარმატების, ასევე ქვეყნის ერთიანობისა და სიძლიერის საფუძველია.
მე, როგორც მინისტრი, გპირდებით, რომ ძალისხმევას არ დავიშურებ განათლების სისტემის რეფორმირებისა და განვითარებისთვის, რათა თითოეულ თქვენგანს სწავლისა და შრომის ღირსეული, თანამედროვე პირობები შეგიქმნათ.
შემოქმედებით და საინტერესო სასწავლო წელს გისურვებთ!,”-ნათქვამია მინისტრის მილოცვაში.
ქვეყნის მასშტაბით სასწავლო წელი დღეს დაიწყო. სკოლების რეაბილიტაციის გამო სასწავლო წლის დაწყება 20-მდე სკოლაში გადაიდო.
ფოტო: განათლების სამინისტრო