განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით,
საჯარო სკოლების ადმინისტრაციებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებს ანაზღაურება გაეზრდებათ. ცვლილება 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან განხორციელდება. ხელფასების რაოდენობა საშუალოდ 20 %-ის ფარგლებში გაიზრდება. გაზრდილი ანაზღაურებით საჯარო სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგენლები, ტექნიკური პერსონალი, მათ შორის სკოლების ექიმები და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სპეციალისტები ისარგებლებენ.
თანხები შემდეგნაირად გადანაწილდება:
რესურსცენტრის უფროსის ანაზღაურება 250 ლარით გაიზრდება და 1 450 ლარით განისაზღვრება; მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ანაზღაურება 200 ლარით მოიმატებს და 1000 ლარი გახდება; მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ანაზღაურება 150 ლარით გაიზრდება და 950 ლარი გახდება; 150 ლარით მოემატება ანაზღაურება პირველი კატეგორიის უმცროს სპეციალისტს და მისი თანამდებობრივი სარგო 850 ლარი გახდება.
ანაზღაურება გაეზრდებათ მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადებულ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებსაც, რომლებიც წარმოადგენენ სკოლის ადმინისტრაციას და თანამდებობრივ სარგოზე დანამატი 125 ლარი ექნებათ.
შეიცვლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის საჯარო სკოლების დამატებითი დაფინანსების ოდენობაც. 1-დან 6 კლასის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის საჯარო სკოლები ყოველთვიურად დამატებით 600 ლარით დაფინანსდებიან.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე