ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, 24 მაისის მდგომარეობით,
ქუთაისის მასშტაბით ღვაწლმოსილი პედაგოგის ჯილდოს მიღების სურვილი 100-მა პედაგოგმა გამოთქვა. რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პედაგოგების ნაწილმა გამოცდებზე რეგისტრაცია გააუქმა და ჯილდოს მიღება ამჯობინა.
“24 მაისს დასრულდა პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია. მონაცემების მიხედვით, ბევრმა არ გაიარა რეგისტრაცია, საუბარი მაქვს საპენსიო ასაკს უკვე მიღწეულ პედაგოგებზე. არიან ისეთებიც, რომლებსაც გამოცდებზე რეგისტრაცია არ გაუვლიათ, მაგრამ არც ჯილდოზე გაუკეთებიათ განაცხადი. 24 მაისის ჩათვლით, ქუთაისის მასშტაბით, ჯილდოს მისაღებად ოფიციალურად დარეგისტრირდა 100-მდე პედაგოგი. თანხმობა 70-მა გამოგვიგზავნა ჯილდოს მისაღებად. 30 იყო ისეთი, რომლებიც დარეგისტრირდნენ გამოცდაზე, მაგრამ შემდეგ დაწერეს გამოცდაზე გასვლის გაუქმების შესახებ განცხადება და მიემატნენ დანარჩენ 70-ს.”- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ქუთაისის საჯარო კოლებში სულ 1598 პედაგოგი მუშაობს. მათგან რამდენია ასაკით პენსიონერი, ამის შესახებ ზუსტი მონაცემები რესურსცენტრს ჯერ არ აქვს.
შეგახსნებთ, რომ განათლების, მეცნიერე3ბის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია მათი ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო – ორი წლის ჯამური ხელფასი; ამასთან, შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შენარჩუნებით).