“ამბავი თორმეტი სავანისა” – ასე ჰქვია ფილმს, რომლის პრეზენტაციაც ქუთაისში,
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ფილმი ტაო-კლარჯეთის წარსულს, თანამედროვეობას, ქართველების და ქართული ენის მდგომარეობას ასახავს ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, ტაო-კლარჯეთსა და შავშეთში. ის სამი ნაწილისგან შედგება : ჭოროხის ქვეყანა, ათორმეტნი, ბედის ბორბალი ქართველთათვის და 2005 -2018 წლების ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ვიდეო არქივითა და სამეცნიერო ექსპედიციების ვიდეო მასალებთ შეიქმნა.
“ეს არის ფილმი სახელწოდებით “ამბავი თორმეტი სავანისა”. ჩვენი უნივერსიტეტის მთავარი კვლევა სწორე სამხრეთ საქართველოს კვლევაა. ბათუმის უნივერსიტეტის ქართველოლოგიური ცენტრი დიდი ხანია მუშაობს ამ მიმართულებით. ფილმიც ამ ცენტრის ერთ-ერთი პროექტია. ეხება ტაოს, კლარჯეთის, შავშეთის ისტორიას. ქართული ენის თავგადასავალს ამ ტერიტორიებზე. კულტურულ ძეგლებს და იმ ათორმეტ სავანეს, რომელიც დაკავშირებულია გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებასთან და რომელიც არის საქართველოს აღორძინებასთან. ვწერთ ექსპედიციების შედეგებს, თუმცა წერასთან ერთად დაგროვდა სათქმელი, რომელიც ასევე საჩვენებელია და ჩვენც ვცადეთ ამ ფორმით წარმოგვედგინა.”- განაცხადა ფილმის ავტორმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მალხაზ ჩოხარაძემ.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ხელმძღვანელის, ტარიელ ფუტკარაძის განცხადებით, ისტორიულ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ბევრი რამაა შესასწავლი. მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდეს ქართული ენა და იქაური დიალექტი, რომელსაც დღეს დავიწყების და კვდომის საფრთხე ემუქრება.
“შეიძლება უახლოეს 10-20 წელიწადში თურქეთში ენობრივად, ეთნიკურად წაიშალოს მილიონობით ქართველი. თურქეთის ყველა ქართულ სოფელში არის ეს ტენდენცია, რომ იშვიათად მინახავს თქვენი თაობის ახალგაზრდები გამართულად საუბრობდნენ თუნდაც იქაურ დიალექტზე. აქედან გამომდინარე ჩვენ ვკარგავთ არა მარტო ქართული ენის დიალექტებს თურქეთში, არამედ ვკარგავთ ქართველობას თურქეთში. ბათუმის უნივერსიტეტი ხიდია თურქეთის ქართველობასთან. მე ვფიქრობ ძალიან დიდი საქმე გააკეთა ბატონმა მალხაზ ჩოხარაძემ. ბატონმა მამია ფაღავამ. ამ საქმეს 20 წელია აკეთებენ. იმდენი რამ არის შესასწავლი თურქეთში ამას 10 და 30 კაცი არ ეყოფა. ამას არ ეყოფა 2 და 3 უნივერსიტეტი და 2 და 3 თაობა. ძალიან ბევრია გასაკეთებელი და იწყება ამ ფილმით საქმის გაკეთება. ეს, რაც ახლა გამოჩნდება ეკრანებზე, ამათი შთამომავლობა დაკარგული იყო 10-20 წელიწადში თუ თქვენ არ იქნებით აქტიურები. ამიტომ მე მინდა ვუთხრა მადლობა ჩემს მეგობარს ბატონ მალხაზს, ჩემს მეგობრებს, ჩვენს კოლეგებს. ჩვენი ვალდებულებაა ვიყოთ არა არამარტო კარგი ქართველები ქუთაისში ,ბათუმში ან თბილისში, არამედ ვიყოთ კარგი ქართველები, რომ ქართველობა გადავარჩინოთ ირანში, თურქეთში.”- განაცხადა ტარიელ ფუტკარაძემ ფილმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ფილმის “ამბავი თორმეტი სავანისა” პრეზენტაცია ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 12 აპრილს გაიმართა. პრემიერის შემდეგ პირველი ჩვენება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო.