2021 წელს ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით,
ევროპის გოგონათა მათემატიკური ოლიმპიადა ჩატარდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ კიევში, ამჟამად მიმდინარე ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნებმა მიიღეს.
“”მადლობა ღმერთს, რომ ჩვენმა შრომამ და მონდომებამ ნაყოფი გამოიღო! მადლობა გიორგი ღავთაძეს, რომელმაც დღეს, უკრაინის დედაქალაქ კიევში, ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლების წინაშე ღირსეულად წარადგინა ჩვენი ქვეყანა, რეგიონი, ქალაქი და უნივერსიტეტი! მადლობა ივანე გოქაძეს, რომლის დიდი მონდომებისა და შრომის ფასად საქართველომ მოიპოვა ოლიმპიადის ჩატარების უფლება! დიდი მადლობა ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებმაც ერთხმად მხარი დაუჭირა (არცერთი წინააღმდეგი) 2021 წელს ოლიმპიადის საქართველოში, კერძოდ კი ქუთაისში ჩატარებას! ვულოცავ საქართველოს, განსაკუთრებით კი ქუთაისს!”- განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანმა ვლადიმერ ადეიშვილმა.
ქუთაისს 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ეწვევა. მასშტაბურ ოლიმპიადაში არამარტო ევროპის ქვეყნები, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიც ჩაერთვებიან.
საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ამჟამად მიმდინარე ოლიმპიადაზე ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.