აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს. აკადემიურმა საბჭომ რექტორის
პოზიციაზე როლანდ კოპალიანი აირჩია. მან 15 ხმა მიიღო, მეორე კანდიდატმა, დავით ნიშნიანიძემ -2, ხოლო 2 ხმა საერთოდ გაბათილდა.
“კონკურენტი მყავდა საკმაოდ მაღალი დონის მეცნიერი და მკვლევარი. თუმცა, საკითხს წყვეტს აკადემიური საბჭო. პირველი და უმთავრესი რასაც გავაკეთებ არის ის, რომ შევხვდები უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს ფაკულტეტების მიხედვით. კიდევ ერთხელ მოვისმენ მათ საჭიროებებს და მათთან ერთად შევეცდები იმ პროგრამის განხორციელებას, რაც წარმოვადგინე”.- განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლადარჩეულმა რექტორმა როლანდ კოპალიანმა.
ის სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებას ხვალიდან შეუდგება. რაც შეეხება უნივერსიტეტის უკვე ყოფილ რექტორს, გიორგი ღავთაძეს, ის მუშაობას ამავე უნივერსიტეტში ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის რანგში გააგრძელებს.