საქართველოში 68 ბაღისა და 27 სკოლის მშენებლობა იგეგმება. საქართველოს ვიცე-პრემიერის,
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის, განცხადებით განათლების სამინისტროთან მუშაობა ისევ მიმდინარეობს, რათა დაზუსტდეს კიდევ რამდენი სკოლის მშენებლობა ან რეაბილიტაციაა საჭირო.
“68 ბაღის მშენებლობა განხორციელდება, ამისათვის გამოყოფილია 46 მილიონი და დამატებით კიდევ 40 საბავშვო ბაღს ჩაუტარდება რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. 27 სკოლის მშენებლობა დავაანონსეთ და 83 სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ჩვენ კიდევ ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, რათა კიდევ დამატებით სკოლების საჭიროების იდენტიფიცირება მოვახდინოთ.”- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
2019 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთსა და სოფელ წყალტუბოში ორი საგანმანათლებლო დაწესებულების აშენება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაანონსდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ორი სკოლის მშენებლობა წყალტუბოში ვიზიტისას დაანონსა.