“კონსტრუქტ2” საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დეველოპერული კომპანია “m2-ის” საერთო პროექტია, რომლის სრული საინვესტიციო ღირებულება 3 მილიონი ლარია.
11 მოკლევადიანი პროფესიული პროგრამით კოლეჯი ყოველწლიურად 600-მდე სერტიფიცირებულ სპეციალისტს მოამზადებს.
ეს პროგრამებია:
მღებავი, მეარმატურე-მებეტონე, მებათქაშე, მშენებელი-მეთუნუქე, ელექტროშემდუღებელი, თაბაშირ-მუყაოს სპეციალისტი, მეფილე-მომპირკეთებელი, კალატოზი, სანტექნიკოსი, დურგალ-მემონტაჟე, ელექტრიკოსი.
როგორც სასწავლებლის დირექტორმა რადიო “ძველ ქალთან” საუბრისას განაცხადა, კოლეჯის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა მაშინ, როცა ამ დარგების სპეციალისტების ნაკლებობაა. მისივე თქმით, კოლეჯი სამშენებლო სფეროს პროფესიონალი კადრებით შევსებას შეუწყობს ხელს.
“გარდა ამისა, კოლეჯში ორი გრძელვადიანი პროგრამა იქნება: შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიები და მშენებლობის წარმოება. კოლეჯში სწავლა ნებისმიერი მსურველისათვის უფასო იქნება.” – ამბობს თამთა ზაქარაშვილი.
სასწავლებლის შესახებ ინფორმაცია მან სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებსა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე მიაწოდა.
შეხვედრაზე პროფესიული განათლების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
“სამწუხარო პრობლემა გახლავთ ის, რომ მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დისბალანსია. უფრო მეტი სამუშაო ადგილია, ვიდრე ვაწვდით პროფესიონალ კადრებს.” – განაცხადა საზოგადოებრივი კოლეჯის “სპექტრი” ხელმძღვანელმა მათე ტაკიძემ.
ზესტაფონში ახალი კოლეჯის გახსნა ნოემბრის ბოლოსთვის იგეგმება. კოლეჯი პირველ ნაკადს 2019 წლიდან მიიღებს. გახსნამდე სასწავლებელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იმერეთის გუბერნატორთან შავლეგო ტაბატაძესთან ერთად დაათვალიერა.