“პროფესიული განათლება წარმატებისთვის” – ქუთაისში პროფესიული
განათლების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრეს. შეხვედრის ორგანიზატორი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საზოგადოებრივი კოლეჯი “სპექტრი” და სამშენებლო კოლეჯი “კონსტრუქტ2″იყო. ღონისძიების მიზანს პროფესიული განათლების შესახებ მოსწავლეებში ცნობადობის ამაღლებაწარმოადგენდა. შეხვედრას სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
“26-ე შეხვედრას ვმართავთ. ვესაუბრებით მოსახლეობას პროფესიული განათლების მიღების აუცილებლობაზე. ვესაუბრებით იმაზე, რომ აუცილებელია პროფესიის არჩევის დროს სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. ვფიქრობთ, ამ შეხვედრებს გავაგრძელებთ, რადგან ამ ქვეყანაში არის გაცილებით მეტი სამუშაო ადგილი, ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს ბიზნესთან და სამწუხარო პრობლემა გახლავთ ის, რომ მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დისბალანსია. უფრო მეტი სამუშაო ადგილია, ვიდრე ვაწვდით პროფესიონალ კადრებს. ამიტომ ვეუბნებით ყველას, რომ მიიღონ პროფესიული განათლება და ძალიან მოკლე დროში მათ ექნებათ წარმატების კარგი ფორმულა და გარდა ამისა, ნებისმიერი დასაქმებული ადამიანი არის ქვეყნის განვითარების ხვალინდელი დღე”.- განაცხადა საზოგადოებრივი კოლეჯის “სპექტრი” ხელმძღვანელმა მათე ტაკიძემ.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში აცხადებენ, რომ პროფესიული განათლების პოპულარიზაცია მათ საქმიანობაში ერთ-ერთი პრიორიტეტია. დუალური (სამუშაოზე დაფუძნებული) სწავლების პროცესში კოორდინატორის ფუნქციის ეფექტურად შესასრულებლად პალატასთან დაფუძნდა დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭო, რომლის მიზანიც კოორდინატორის ფუნქციის შესრულებასთან ერთად, განათლების აღნიშნული მიმართულების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა.