აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის
, მწერლის ავთანდილ ნიკოლეიშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა. 70 წლის შესრულება მას უნივერსიტეტის სტუდენტებთან, მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად სასწავლებლის რექტორმა გიორგი ღავთაძემ და იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა მიულოცეს.
მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა კი ავთანდილ ნიკოლეიშვილს ქართული კულტურის რაინდის წოდება მიანიჭა. შესაბამისი დიპლომი მას მწერალთა კავშირის საპრემიო კომისიის თავმჯდომარემ, მწერალმა რევაზ მიშველაძემ გადასცა.
“უკანასკნელ წლებში უაღრესად საინტერესო ლიტერატურული ნარკვევების გამოქვეყნებისათვის და 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად ბატონ ავთანდილ ნიკოლეიშვილს გადავცემთ ამ ჯილდოს. ვულოცავ მას იუბილესა და ქართული კულტურის რაინდის წოდებას”,- აღნიშნა რევაზ მიშველაძემ.
ავთანდილ ნიკოლეიშვილი ავტორია 300-ზე მეტი წიგნისა, თუ სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში გამოქვეყნებული ნაშრომებისა.
სამეცნიერო მოღვაწეობის გარდა, ავთანდილ ნიკოლეიშვილი 1980 წლიდან არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. ასევე არის საზოგადოება “ქუთაისელის” ვიცეპრეზიდენტი და პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირისა და თეატრალური საზოგადოების იმერეთის განყოფილებათა პრეზიდიუმების წევრი, ქუთაისის პატივგების საქალაქო კომისიის წევრი, სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებათა სამეცნიერო საბჭოების წევრი, 2009 წლიდან არის საქართველო-ისრაელის მეგობრობის საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი, აგრეთვე ამავე საზოგადოების იმერეთის განყოფილების პრეზიდენტი და მისი ეგიდით გამომავალ ჟურნალ “ნოსტალგიის” (ქუთაისი) რედაქტორ-გამომცემელი, სხვადასხვა სამეცნიერო და ლიტერატურულ გამოცემათა რედკოლეგიების წევრი, 2014 წლიდან იგი ასევე არის სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების იმერეთის განყოფილების პრეზიდენტი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის (1995), ფაზისის მეცნიერებისა და კულტურის აკადემიის (1997), ნიუ-იორკის საერთაშორისო მეცნიერებათა აკადემიის (1999), საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობის მეცნიერებათა აკადემიისა (2010) და საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და მეცნიერთა ეროვნული აკადემიის (2013) აკადემიკოსი, წლების განმავლობაში ავთანდილ ნიკოლეიშვილი იყო ქუთაისის სამეცნიერო ცენტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა განყოფილების ხელმძღვანელი და ამავე ცენტრის მთავარი მეცნიერ-მუშაკი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის მთავარი რედაქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი და უახლესი ქართული ლიტერატურის კათედრის პროფესორი. არის ქალაქ კოლუმბიისა (მისურის შტატი, აშშ) და ქალაქ ქუთაისის საპატიო მოქალაქე.
მიღებული აქვს: ჟურნალ “განთიადის” პრემია (1978), საქართველოს მწერალთა კავშირის იმერეთის განყოფილების პრემიები წლის საუკეთესო ნაშრომებისათვის (1984, 1988), ქართულ–ევროპული ინსტიტუტის (პარიზი) ლიტერატურული პრემია (1993), საქართველოს მწერალთა კავშირის გერცელ ბააზოვის ლიტერატურული პრემია (1995), საქართველოს მწერალთა კავშირის იმერეთის განყოფილების ნიკო ნიკოლაძის ლიტერატურული პრემია (1998), ღირსების ორდენი (1998), კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის სერთიფიკატი “XXI საუკუნის 2000 საუკეთესო ინტელექტუალი” (2003), ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული პრემია (2013), აკაკი წერეთლის ლიტერატურული პრემია (2011), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მადლობის სიგელი (2014),საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სიგელი (2015).