აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

პირველკუსელებს უმასპინძლეს. ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს სასწავლებლის რექტორმა გიორგი ღავთაძემ, რექტორის მოადგილემ შალვა კირთაძემ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კახა კუპატაძემ სასწავლებლის ფაკულტეტების ხელმძღვანელებთან ერთად მიულოცეს.

“გილოცავთ და მადლობას გიხდით, რომ არჩევანი ჩვენს უნივერსიტეტზე გააკეთეთ. მინდა გითხრათ,რომ 2018-2019 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობით ჩვენი უნივერსიტეტი მეოთხე ადგილს იკავებს. ჩვენ თქვენთან ერთად უნდა განვავითაროთ უნივერსიტეტი. ყოველ წელს ვცდილობთ სიახლეებით შევხვდეთ ახალ სასწავლო წელს. ხვალ გელოდებით ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის გახსნაზე”,- განაცხადა სასწავლებლის რექტორმა გიორგი ღავთაძემ.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წელს 1655 პირველკურსელი მიიღო. აღსანიშნავია, რომ გაიზარდა იმ სტუდენტთა რაოდენობა, რომლებიც სასწავლებელში სახელმწიფო დაფინანსებით ისწავლიან.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100 პროცენტიანი გრანტით 8 სტუდენტი, 70 პროცენტიანით – 25, 50 პროცენტიანი გრანტით კი 114 სტუდენტი ისწავლის. მათ საჩქურები ხვალ, ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის გახსნაზე, გადაეცემათ.

შეგახსენებთ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკა აშენდა. ბიბლიოთეკით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. მოწყობილია ინდივიდუალური და ჯგუფურად სამუშაო ოთახები, საკონფერენციო დარბაზი.

ბიბლიოთეკის გახსნის პარალელურად, უნივერსიტეტის ღია სივრცეში სამეცნიერო პიკნიკი მოეწყობა. სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში საინტერესო ექსპერიმენტები და ინტერაქციული გამოფენები, მასტერკლასები ჩატარდება.

 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელებთან შეხვედრა გაიმართა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *