იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.
მილოცვაში გუბერნატორი ყურადღებას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ამახვილებს. შავლეგო ტაბატაძე იმერეთის რეგიონში არსებული საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურაზე და მის მოსაწესრიგებლად გადადგმულ ნაბიჯებზეც საუბრობს.
“გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის და პედაგოგისთვის მნიშვნელოვანია. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია პირველკლასელებისთვის რომელთა, ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება.
ჩვენს ქვეყანას განათლებული ახალგაზრდები სჭირდება და მე მჯერა, რომ არც ერთი პედაგოგი არ დაიშურებს ძალისხმევას ღირსეული თაობები აღზარდოს. თქვენ ჩვენს შვილებს აძლევთ ყველაზე ღირებულს – განათლებას, რისთვისაც გიხდით მადლობას. ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი განათლებაა და ბოლო პერიოდში ამ სისტემაში მრავალი კარგი რეფორმა განხორციელდა. აღსანიშნავია საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების უფასო გადაცემა, პირველკლასელებისთვის პერსონალური კომპიუტერების დარიგება და მოსწავლეებისთვის სასკოლო ავტობუსებით სარგებლობა. გარდა ამისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კიდევ არაერთი წარმატებული პროგრამა განახორციელა.
იმერეთის რეგიონში, როგორც მთელს საქართველოში ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ამ მიზნით სამუშაოები მხარეში ეტაპობრივად მიმდინარეობს. დღესდღეობით 20-მდე სკოლის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ყველა საჯარო სკოლა მოვაწესრიგოთ და მოსწავლეებს მიეცეთ საშუალება, კომფორტულ გარემოში ისწავლონ.
ასევე, მინდა ახალი სასწავლო წელი სტუდენტებს, სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელებსა და მასწავლებლებსაც მივულოცო. გისურვებთ ნაყოფიერ საქმიანობას. და ბოლოს, კიდევ ერთხელ ახალი სასწავლო წლის დაწყებას განსაკუთრებით ვულოცავ იმერეთის რეგიონში მცხოვრებ სტუდენტებს, მოსწავლეებს, პედაგოგებს, სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელებსა და მშობლებს,”-ნათქვამია მილოცვაში.
სასწავლო წელი დღეს საჯარო სკოლებში დაიწყო. ქუთაისის საჯარო სკოლებში წელს 2600–მდე პირველკლასელი წავიდა.