“სასკოლო განათლების ხარისხი ისევ კრიტიკულად დაბალ დონეზე რჩება”
-აღნიშნულის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევაშია აღნიშნული.
2018 წელს, 2011 წელთან შედარებით, საქართველოში ზოგადი (სასკოლო) განათლების დაფინანსება თითქმის ორჯერ არის გაზრდილი.
2016-2018 წლებში სკოლის გამოსაშვები გამოცდები წარმატებით მოსწავლეთა საშუალოდ 77%-მა ჩააბარა, მაშინ როცა 2011-2015 წლებში წარმატების საშუალო მაჩვენებელი 84% იყო. ყველაზე პრობლემური საგნები კი ფიზიკა, მათემატიკა და უცხო ენაა.
კვლევის მიხედვით, საქართველოს სკოლებში დაახლოებით 67 ათასამდე პედაგოგი ასწავლის, რომელთაგან86% 36 წლის და მეტი ასაკისაა. მათ შორის, 13% 65 წლის და მეტისაა. პედაგოგთა საშუალო ასაკი წლიდან წლამდე იზრდება, რაც პროფესიისადმი ახალგაზრდების დაბალ ინტერესს აჩვენებს.
2017 წლის ბოლოს საქართველოში უმაღლესი რანგის – მენტორი მასწავლებლის სტატუსს მხოლოდ 9 ადამიანი ფლობდა, ხოლო შემდეგი რანგის – წამყვანი მასწავლებლის – სტატუსს მხოლოდ 257.
2017 წლის მდგომარეობით სასერტიფიკაციო გამოცდა მასწავლებელთა მხოლოდ 30%-ს ჰქონდა ჩაბარებული. 2010-2017 წლებში პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდებში მინიმალური ზღვარი გამოცდაზე გასულ პედაგოგთა მხოლოდ 25%-მა გადალახა.სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაწყებითი კლასების, ფიზიკის, ინფორმაციული ტექნოლოგიების და მათემატიკის პედაგოგებს აქვთ.
2011-2017 წლებში საჯარო სკოლებში საშუალო ნომინალური ხელფასი (მათ შორის პედაგოგების) ორჯერ გაიზარდა და 2017 წელს 548 ლარს შეადგენდა, თუმცა ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორში არსებულ საშუალო ნომინალურ ხელფასს მნიშვნელოვნად (თითქმის ორჯერ) ჩამორჩებოდა. საჯარო და კერძო სკოლებში ხელფასებს შორის დიდი სხვაობა არ არის. ბოლო მონაცემებით კერძო სკოლებში საშუალო ხელფასი 631 ლარი იყო.
“სასკოლო განათლების დაფინანსების და ხარისხის ზრდას შორის პირდაპირი კავშირის არარსებობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის არქონაა, რასაც განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების პროგრამაც ადასტურებს. პროგრამას მიზნად არ აქვს ხარისხის ამაღლება და შემუშავებული არ არის ხარისხის საზომი ინდიკატორები,”-ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევაში.
ორგანიზაცია სახელმწიფოს სხვადასხვა რეკომენდაციებს სთავაზობს: სასკოლო განათლების დაფინანსების ზრდა შედეგებზე უნდა იყოს ორიენტირებული, უნდა შემუშავდეს ზოგადი განათლების პროგრამის კონკრეტული მიზნები და შედეგები, სასკოლო განათლების საბოლოო და შუალედური შედეგები უნდა შეფასდეს შესაბამისი ინდიკატორებით, უნდა შემუშავდეს შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკა ამ პროფესიაში უფრო მეტი ახალგაზრდის მოსაზიდად.