ქუთაისში საუკეთესო კალიგრაფიის მქონდე
მოსწავლეთა და პედაგოგთა გამოსავლენად კონკურსი მიმდინარეობს. 150 მოსწავლე და პედაგოგები სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლიდან საკონკურსო დავალებებს პირველ საჯარო სკოლაში ასრულებენ.
“ვეძებთ ტალანტებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც განსაკუთრებული ორიგინალურობით, მხატვრულობითა და შემოქმედებით უდგებიან წერის პროცესს,”-განაცხადა ა(ა)იპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილე ლადო პატარიძემ.
პატარიძის თქმით, საკონკურსო დავალებები ნაბეჭდი ტექსტის კალიგრაფიულად გადაწერასა და მოცემული ტექსტის ასლის გაკეთებას მოიცავს.
როგორც პატარიძემ განმარტა, მონაწილეთა ნამუშევრები დაშიფრულია და მათ ხელოვნებათმცოდნეებისაგან, მხატვრებისაგან და სხვა წევრებისაგან შემდგარი კომპეტენტური ჟიური შეაფასებს.
საბოლოოდ, I, II და III ადგილზე გასული კონკურსანტები გამოვლინდებიან, რომელთაც სერთიფიკატები და ფულადი ჯილდო გადაეცემათ. გამარჯვებული კონკურსანტები ქართული ენის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან. ასევე, კონკურსში მონაწილეთა მიერ შექმნილი საუკეთესო კალიგრაფიული ნამუშევრები გამოიფინება.
კონკურსი კალიგრაფიაში ა(ა)იპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებითა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.