საგანმანათლებლო პროგრამა
“აქტიური ახალგაზრდები ძლიერი თვითმმართველობისათვის” ოფიციალურად გაიხსნა.
აღნიშნული პროგრამის განხორციელების ინიციატივა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი შენგელიას ეკუთვნის.
კონკურსის წესით გამარჯვების ოლქში მცხოვრები 18-დან 29 წლამდე ათი ახალგაზრდა უკვე შეირჩა, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არსსა და საქმიანობის კონკრეტულ ფორმებს გაეცნობიან. მონაწილეებს ვორქშოპები, სემინარები და აქტუალურ თემებზე შეხვედრები ჩაუტარდებათ.
“პროგრამა მოიცავს აკადემიურ და პრაქტიკულ ნაწილს. პროგრამა გულისხმობს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას იმ კუთხით, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში,”-განაცხადა შენგელიამ.
შენგელიას განმარტებით, პროგრამის მონაწილეები შეძლებენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციების გამიჯვნას.
“აქტიური ახალგაზრდები ძლიერი თვითმმართველობისათვის” ოთხი თვე გაგრძელდება.
პროექტის ბოლო ეტაპზე, ახალგაზრდებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფი დაგეგმავს და განახორციელებს ერთთვიან აქტივობათა ციკლს-“უკეთესი ხვალინდელი დღე გამარჯვების ოლქს”.
ირაკლი შენგელიას თქმით, თუ საპილოტე პროგრამა წარმატებული აღმოჩნდება, შესაძლოა, მომავალში მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდეს.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე განმარტავს, პროგრამას ბიუჯეტი არ აქვს და ინიციატივების დონეზე ხორციელდება.